ბიუჯეტის კონტროლის და მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელი იტალიური კომპანია „ფერეროს“ შვილობილი კომპანია „აგრიჯორჯია“

პატარაობიდანვე ძალიან მინდოდა უნივერსიტეტში მესწავლა, მაგრამ არ მქონდა გადაწყვეტილი სად და რა სპეციელობაზე. სკოლის პარალელურად დავიწყე პროფესიულ სასწავლებელში სწავლა მდივან-რეფერენტის სპეციალობაზე, სადაც დღის მეორე ნახევარში ვესწრებოდი ლექციებს, რამაც მეტად გამიმძაფრა სურვილი უნივერსიტეტში სწავლისა. სკოლის დამთავრების ბოლო წელს დავიწყე უნივერსიტეტების მოძიება, სადაც შემეძლო ბიზნესის ადმინისტრირებაზე მესწავლა, აღმოჩნდა რომ თეორიულად ძალიან ბევრი არჩევანი მქონდა, მაგრამ ვინაიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ჩემს სოფელთან ახლოს იყო, გადავწყვიტე იქ ჩამებარებინა. 2011 წელს ჩავირიცხე ბიზნესის ადმინისტრირებაზე და პირველივე დღიდან დაიწყო ჩემი აქტიური და წარმატებული სტუდენტური ცხოვრება. აქტიური სტუდენტი ვიყავი, ლექციების შემდეგ ვესწრებოდი ყველა შესაძლო ტრენინგ-სემინარს, მონაწილეობას ვღებულობდი პროექტებში, ვთანამშრომლობდი არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტიურად ვიყავი ჩართული სამოქალაქო განათლების საკითხებთან დაკავშირებულ აქტივობებში. ლექციების პარალელურად ვასწრებდი სტაჟრებასაც და ფაქტობრივად.  ძიების პროცესი მქონდა, ყველა სფერო მაინტერესებდა და უნივერსიტეტი მაძლევდა საშუალებას, თითქმის ყველა სფეროში გამომეცადა თავი, რადგან ძალიან ბევრი სასწავლო კურსი ჰქონდა ბუღალტერიისა და მზარეულის ჩათვლით, რომელიც მგონი ყველა გავლილი მაქვს.

ამასობაში გამოჩნდა ერასმუსის პროგრამა, სადაც მონაწილეობა მივიღე და მეოთხე კურსზე სრული დაფინანსებით გამაგზავნეს სასწავლებლად ჩეხეთში, ტომას ბატას უნივერსიტეტში, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტზე. ეს იყო ძალიან დიდი გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში. რამდენადაც უნივერსიტეტმა გამომიცხადა ნდობა, რადგან მე წარმოვადგენდი ჩემს უნივერსიტეტს ტომას ბატას უნივერსიტეტში, ამისათვის მე შინაგანად მზად ვიყავი. იქ სწავლისას ხშირად მიწევდა ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა და მოხსენების გაკეთება, ბიზნეს გეგმების შედგენა, რეალური ექსპორტ-იმპორტის გაკეთება.  შესაბამისად, აუდიტორიასთან მუშაობა ჩვეულებრივი ფაქტი იყო ჩემთვის. სემინარებზეც სტუდენტებისა და ლექტორების მხრიდან თავიდანვე ვიგრძენი გახსნა და ინტერესი, რაც ძალიან პოზიტიურ დამოკიდებულებას მიქმნიდა, ამიტომ არ მქონია შიში და უხერხულობის შეგრძნება. სწავლის სირთულეს რაც შეეხება, რთული იყო, მაგრამ  ყველა ჩაბარებული კრედიტებით ჩამოვედი საქართველოში.

ჩამოსვლის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავდა საერთაშორისო გამოცდილება კარიერული წინსვლის საქმეში, რადგან უცხოეთში მიღებულ განათლებას პლუს ინგლისურის ცოდნა კარგიშესაძლებლობაა. მახსოვს ხარისხის სამსახურის უფროსმა მითხრა: „მოიცადე და სამსახურს შენ კი არ მოძებნი, თვითონ მოგძებნიან დამსაქმებლებიო“.  ჩამოსვლის მერე ფინანსური კუთხით სტაჟირება აუდიტის კომპანიაში გავიარე სტაჟირება, შემდეგ ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში, პარალელურად დავიწყე მოხალისე ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა და იმავე წელს მაგისტრატურაზე ჩავაბარე ისევ  უნივერსიტეტში, სადაც პარალელურად ვმუშაობდი პროფესიულ სტუდენტთა ბაზის წამყვან სპეციალისტად. შემდეგ შემოთავაზება მივიღე იტალიური კომპანია „ფერეროს“ შვილობილი კომპანია „აგრიჯორჯიასგან“ სამსახურის თაობაზე. აქაც ძალიან დამეხმარა უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და უცხოეთში ყოფნის დროს მიღებული ინგლისურენოვანი გამოცდილება. დღეს მე უცხოური კომპანიის, ბიუჯეტის კონტროლისა და მონიტორინგის სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი ვარ, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის უნივერსიტეტს. ეს კიდევ დასაწყისია, რადგან დოქტორანტურაზე მინდა განაცხადი შევიტანო და არ გავჩერდე.

ჩემი აზრით, ნებისმიერი პიროვნებისთვის ინდივიდუალურია წარმატებისკენ მიმავალ გზა. პირველ რიგში, არავინ უნდა ჩაერიოს იმის გადაწყვეტაში თუ რა უნდა, სად უნდა და როგორ უნდა ადამიანს ისწავლოს და მიზნისთვის იბრძოლოს. ყველაზე დიდი საფეხური წარმატებისკენ პროფესიის, ფასეულობებისა და მისწრაფებების სწორი არჩევანია.  იმ ახალგაზრდებს კი, ვინც უკვე წარმატების გზაზეა, ვურჩევ, არასდროს დაიხიონ უკან, გააფართოვონ თვალსაწიერი, გამოიყენონ ყველა შესაძლო შანსი განვითარებისთვის (თუნდაც მათ სფეროს აცდენილი იყოს) და გააფართოვონ ურთიერთობის წრე.