რეგიონული უნივერსიტეტების სამართლის ჟურნალი „სამართლის აქტუალური საკითხები“ აცხადებს სტატიათა კონკურსს და იწვევს სამართლის სფეროში მომუშავე მეცნიერებს, მკვლევარებს, ექსპერტებს, დოქტორანტებს, სპეციალისტებს, სტუდენტებს სამეცნიერო ნამუშევრების 2022 წლის გამოცემაში გამოსაქვეყნებლად.
ჟურნალის შესახებ
ჟურნალი გამოიცემა რეგიონული უნივერსიტეტების მიერ, USAID-ის კანონის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. ჟურნალი აქვეყნებს სხვადასხვა ტიპის სტატიას სამართლის სფეროში და მიზნად ისახავს ამ მიმართულებით აკადემიური დისკუსიის მხარდაჭერას.
ინფორმაცია სამეცნიერო ნაშრომების წარდგენის მსურველებისთვის
ნაშრომის ავტორი თავისუფალია თემის არჩევაში, მნიშვნელოვანია, ნაშრომი უკავშირდებოდეს სამართალსა და მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.
კონკურსი ცხადდება შემდეგი ტიპის ნაშრომებისათვის:
  • სტატია;
  • სტუდენტური ნაშრომი;
  • პრაქტიკის მიმოხილვა;
  • ლიტერატურის მიმოხილვა;
  • საპატიო ნაშრომი.
მაგისტრატურის ან ბაკალავრიატის სტუდენტის წარმოდგენილი ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (აგრეთვე, დოქტორის) ან თემის ხელმძღვანელის (შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის ან მოწვეული სპეციალისტის) რეცენზია.
  • ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, არ უნდა იყოს უკვე გამოქვეყნებული;
  • ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური;
  • ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
  • ნაშრომი მნიშვნელოვანი უნდა იყოს სამართლის მეცნიერების განვითარებისთვის;
  • ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიის არსებობის შემთხვევაში, იგი სრულად უნდა იყოს დაცული.
 
ტექნიკური ხასიათის მოთხოვნები
ნაშრომის წარმოდგენა შესაძლებელია ქართულ ენაზე. ნაშრომს თან უნდა ახლდეს დაახლოებით 100-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის მოკლე რეზიუმე (ან ავტობიოგრაფია, CV). რედაქტირებისას, შესაძლებელია, სტატიების ზომისა და შინაარსის კორექტირება. სტატიების რედაქტირებას უზრუნველყოფს ჟურნალის რედაქტორი.
 
ყველა ტიპის სტატია დამუშავდება ვიზუალური თვალსაზრისით, შესაძლოა შეიცვალოს შრიფტი, შრიფტის ფერები, გვერდის არეები, ხაზებს შორის დაშორება, აბზაცებს შორის დაშორება და ფორმატირების სხვა საკითხები.
 
 
საავტორო უფლებების საკითხი
ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებაზე, თარგმნაზე, ვიზუალურ დამუშავებაზე. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალს ამის შესახებ წინასწარ ეცნობება წერილობითი სახით.
 
ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 4.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით. CC BY 4.0 ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს ჟურნალს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში წარმოაჩინოს ეს ცვლილებები. CC BY 4.0 ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას.
 
ნაშრომების წარდგენის პირველი ეტაპი
ავტორებმა არაუგვიანეს 2022 წლის 12 აგვისტოს  ჟურნალს უნდა მიაწოდონ ნაშრომის სავარაუდო სათაური, დაახლოებით 100-სიტყვიანი აბსტრაქტი და ავტორის/ავტორების რეზიუმე. ავტორებს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ მითითებული ვადის გასვლიდან ორი კვირის განმავლობაში.
 
ნაშრომების წარდგენის მეორე ეტაპი
პირველი ეტაპის შედეგად შერჩეულმა ავტორებმა არაუგვიანეს  2022 წლის 12 სექტემბერს  ჟურნალს უნდა მიაწოდონ დასრულებული ნაშრომი.
 
სტატია მიიღება უშუალოდ ავტორისაგან. სტატიის დაბეჭდვის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო.
 
ავტორებს პირველადი პასუხი გამოქვეყნების შესახებ ეცნობებათ ნამუშევრის წარდგენისთვის დადგენილი ვადის გასვლიდან არაუგვიანეს ერთი თვისა. აღნიშნულ პერიოდში და მას შემდეგ ჟურნალის მხრიდან ავტორებს შეიძლება მოეთხოვოთ ნაშრომში გარკვეული რედაქციული ცვლილებების შეტანა, რისთვისაც ჟურნალი ცვლილებების მოცულობიდან გამომდინარე, ავტორებს განუსაზღვრავს შესაბამის ვადას.
 
მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონულ ფორმატში (Microsoft Word *.doc), თითოეული ტიპის სტატიისთვის დადგენილი მოთხოვნები შეგიძლიათ იხილოთ აქ: მოთხოვნები.
 
სტატიის შერჩევისას განმსაზღვრელია ნამუშევრის ხარისხი და აქტუალურობა. ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს ჟურნალის ეთიკის წესებს (პლაგიატის აკრძალვა, წყაროს მითითებისა და ციტირების წესი), რაც ხელმისაწვდომია აქ: ეთიკის წესები.
 
ჟურნალის რედაქციასთან დაკავშირება და ნაშრომების გამოგზავნა შეგიძლიათ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jcal@zssu.edu.ge.
 
წარმატებებს გისურვებთ!