საბაკალავრო პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი ან მასთან გათანაბრებული განათლების მქონე პირს, რომელსაც გააჩნია სახელმწიფოს მიერ დადასტურებული შესაბამისი დოკუმენტი (ატესტატი) და რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლის უფლებას მოიპოვებს აღნიშნულ პროგრამაზე.
ერთიანი ეროვნული გამოცდების არჩევითი საგნებიდან აბიტურიენტს შეუძლია ჩააბაროს კანონმდებლობით დადგენილი შემდეგი არჩევითი საგნები: ისტორია, ლიტერატურა, სამოქალაქო განათლება, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია.
საბაკალავრო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლა დასაშვებია:
· უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
· საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
· პირებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც უცხო ქვეყანაში ცხოვრობდნენ ბოლო 1 წლის ან მეტი ხნის განმავლობაში, სწავლობენ / სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები / კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
საბაკალავრო პროგრამაზე სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან /პროგრამიდან მობილობის წესით გადმოსულ სტუდენტთა მიღება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.მობილობა შესაძლებელია წელიწადში ორჯერ (შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრების განმავლობაში).