ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კოლხურ სამაროვანზე (ე. წ. ,,ცაიშის სამაროვანი“) ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით საველე არქეოლოგიური კვლევა-ძიება მიმდინარეობს (ექსპედიციის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი რ. პაპუაშვილი).

საველე არქეოლოგიურ კვლევა -ძიების პრაქტიკულ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართული შოთა მესხიას ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის სტუდენტები.

2005- 2007 წლებში, აქ ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად შესწავლილ იქნა გვიანბრინჯაო - ადრერკინის პერიოდის, ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII – VII საუკუნეების კოლხური კულტურის ხანის ორი კოლექტიური სამარხი აკლდამა, სადაც გამოვლინდა უნიკალური და მრავალფეროვანი არტეფაქტი.

ამჟამად, სამაროვნის გავრცელების გეოგრაფიული არეალის დადგენა და ქრონოლოგიური ჩარჩოს ზუსტი განსაზღვრა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მიწის ზედაპირზე იკრიფება მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა პერიოდის კერაკიმიკული ნაწარმი. ამ ეტაპზე ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად დაფიქსირდა არაერთი მნიშვნელოვანი არქეოლოგიური ობიექტი, როგორიცაა სავარაუდოდ ადრეშუასაუკუნეების (V-VI ს.ს.) არქიტექტურული ნაგებობის საძირკველი, ინდივიდუალური სამარხი ორმოები, ერთ-ერთ მათგანში დაფიქსირდა ფულადი ერთეული ე.წ. ,,კოლხური თეთრი“, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრს განეკუთვნება და შესაბამისად ძეგლს კარგად ათარიღებს.

          300364963_168438052370060_5822323705922484258_n_0.jpg 300260493_168438152370050_1297613669541100771_n_0.jpg

          300272334_168438019036730_5371084783265997527_n.jpg 300219115_168438162370049_7867639774861376236_n_0.jpg