შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში მეცნიერების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ეს დღე “იუნესკოს” მიერ დაფუძნდა 2001 წელს და ყოველწლიურად აღინიშნება მთელ მსოფლიოში.
“ჰორიზონტი ევროპა” საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისში გამართულ შეხვედრაზე უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა თეონა ხუფენიამ Teona Khupenia საუნივერსიტეტო საზოგადოებას მიულოცა ეს დღე და ისაუბრა უნივერსიტეტში მოქმედ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე, ხაზი გაუსვა უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობას კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამაში “ჰორიზონტი ევროპა”, უნივერსიტეტის როლს რეგიონის განვითარებაში და აკადემიურ პერსონალთან ერთად შეაფასა კვლევის კომერციალიზაციის პროცესი.
“ჰორიზონტი ევროპა” საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორმა აკადემიურ პერსონალს მიაწოდა ინფორმაცია ეროვნული ოფისის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ და უნივერსიტეტის ჩართულობით წარდგენილ საპროექტო განაცხადის მაგალითზე აკადემიურ პერსონალს მოუწოდა ამ რეალური შესაძლებლობების გამოყენებისკენ.
კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა “ჰორიზონტი ევროპა” მხარს უჭერს გლობალური გამოწვევების საპასუხოდ ევროკავშირის პოლიტიკის შექმნასა და განხორცილებას კვლევებისა და ინოვაციების სფეროში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების, ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნისა და გავრცელების გზით.
სამეცნიერო სამსახურის ხელმძღვანელმა ისაუბრა ა(ა)იპ განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაციის მიერ დაფინანსებულ პროექტზე - „კვლევის განვითარების პროცესის მონიტორინგისა და მხარდამჭერი მექანიზმების გაძლიერება რეგიონულ უნივერსიტეტებში“ და ყურადღება გაამახვილა კვლევის დიზაინის ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაზე.