22.01.2016 ,,საქართველოს უნივერსიტეტები საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის“ პროექტის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამხედრო მოსამსახურეებისთვის საჯარო ლექციები დაიწყო.

მიმდინარეობს საიტის განახლება

2016 წლის 21 იანვარს ,,საქართველოს უნივერსიტეტები საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის“ პროექტის ფარგლებში შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამხედრო მოსამსახურეებისთვის  საჯარო ლექციები დაიწყო.

 2015 წლის 24 ივლისს საქართველოში მოქმედი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელ პირებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და მინისტრის მოადგილეები შეხვდნენ. შეხვედრა თავდაცვის სამინისტროს საგანმანათლებლო დაწესებულებების უნივერსიტეტებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის განვითარებასა და მათი ცოდნის, გამოცდილების სათანადოდ გამოყენებას ისახავდა მიზნად. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა მზადყოფნა გამოთქვეს ჯარისკაცების განათლების საკითხებში ჩასართავად და სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციის შესანარჩუნებლად. აღნიშნული ინიციატივის განხორციელების მიზნით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ შემუშავდა პროექტი ,,საქართველოს უნივერსიტეტები საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის“. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა უნივერსიტეტების ჩართულობით ინტენსიურად გრძელდება ჯარში სალექციო პროგრამები. ამის დასტურია შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში  ჩატარებული საჯარო ლექცია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მტკიცედ სჯერა, რომ ჯარი და საზოგადოება ერთმანეთის განუყოფელი ნაწილია. ამ გზაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიზნად ისახავს სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაძლიერებას, სამხედრო მოსამსახურეების განათლების დონის ამაღლებას და ქართულ საზოგადოებაში შეიარაღებული ძალების პოპულარიზაციას.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთო  თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტში. წლის განმავლობაში მსმენელთა ინტერესების გათვალისწინებით შეირჩა და დაიგეგმა საჯარო ლექციების თემატიკა.  პროფესიული ხასიათის  საჯარო ლექცია უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ ქორთუამ წაიკითხა.