31.08.2016 საქართველოს პრეზიდენტმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

მიმდინარეობს საიტის განახლება

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და შოთა მესხიას ზუგდიდის  სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა თეონა ხუფენიამ ერთობლივ მემორანდუმს მოაწერეს ხელი. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ისეთი ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ითვალისწინებს, რომლებიც მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლების, ახალი თაობების სრულფასოვანი აღზრდის ხელშეწყობისა და მათი წახალისების, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სახელმწიფოებრივი ღირებულებების განმტკიცებისაკენ. საქართველს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის საბაკალავრო პროგრამა გაიხსნება, რომელიც „რეგიონული უნივერსიტეტის მხარდაჭერის" პროექტის ფარგლებში განხორციელდება.

„ჩვენ ვხედავთ დიდ პოტენციალს რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერებაში და რეგიონული ინტელექტუალური რესურსის სრულად გამოყენებაში, რომელიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეშია თავმოყრილი. ასე ცხოვრობდა ჩვენი სახელმწიფო 100 წლის წინაც, როცა ინტელექტუალური პროცესი არ იყო კონცენტრირებული მხოლოდ დედაქალაქში და ეს პროცესი მიმდინარეობდა რეგიონებში და სწორედ რეგიონი იყო ის, საიდანაც ივსებოდა ჩვენი ქვეყნის სულიერი და სამეცნიერო ცხოვრება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის საქმიანობა, რომელსაც ერთობლივად ვახორციელებთ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.