ირაკლი ჯიქია

ირაკლი ჯიქია
საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მთავარი ტრენერი სამეგრელოში, ზუგდიდის მერია
16 წლის ვიყავი, როდესაც პირველად მომიწია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება. არჩევანი იმ უნივერსიტეტზე შევაჩერე, რომლითაც ყოველთვის ვამაყობდი და ვამაყობ დღემდე. 2014 წლამდე ვეუფლებოდი ბაკალავრის ხარისხს ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის მიმართულებით, პარალელურად კი წარმოვადგენდი ფაკულტეტს უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოში. ძალიან საინტერესო ადგილას აღმოვჩნდი, საინტერესო ხალხის გარემოცვაში, სადაც გარდა კონკრეტული საგნებისა, ვისწავლე საკუთარი თავის რწმენა, საქმიანი საუბრის წარმართვა, ორგანიზებული და თანმიმდევრული მოქმედება და შექმნილი პროდუქტის მარკეტინგულად შეფუთვა. 2016 წელს კი მაგისტრის ხარისხი მომენიჭა ამავე უნივერსიტეტში - მცირე ბიზნესის მართვის მიმართულებით. სწავლის პარალელურად აქტიურად ვიყავი ჩართული საზოგდოებრივ საქმიანობებში, რამაც განაპირობა გავმხდარიყავი 2016 წლის საუკეთესო მოხალისე საქართველოს მაშტაბით. ამჟამად ვმუშაობ ქალაქ ზუგდიდის მერიაში, ვარ მესამე რანგის მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ახალკახათის ადმინისტრაციულ ერთეულში და სოციალური განყოფილების მრჩეველთა საბჭოს წევრი. ასევე ვარ საერთაშორისო ორგანიზაცია „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ მთავარი ტრენერი სამეგრელოში, რაც „ეჩივმენტ ჰაბის“ საშუალებით პედაგოგებთან და მათ აღსაზრდელებთან ურთიერთობას გულისხმობს. გარდა ამისა, ჩემი დროის ნაწილი სიამოვნებით იხარჯება ჩემ მიერ დაფუძნებულ ხელნაკეთი ნივთების სახელოსნო „ჰეფესტოსა“ და სოციალური თუ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებაში. 2017 წლის ანგარიშით კი ასეთი 350-ზე მეტი დიდი თუ პატარა ღონისძიების დათვლაა შესაძლებელი.
ისეთ კონკურენტულ გარემოში, როგორშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, პირველი ნაბიჯების გადადგმა აუცილებლად უნდა დაიწყოთ ოცნებებით. ოცნებები უნდა აქციოთ მიზნებად. ამ სიკეთეს უნდა დაუმატოთ მოთმინება, განწყობა და შრომა. ეს ყველაფერი კი იქნება თქვენი მიზნების მიღწევადობისა და ოცნებების ასრულების გარანტი.
ამ ეტაპზე სამი მიზანი და ერთი ოცნება მაქვს. პირველი მიზანი იმ ადმინისტრაციულ ერთეულს უკავშირდება, სადაც ვსაქმიანობ. ეს ოფიციალური ვებგვერდის არსებობაა, რომელსაც ამავდროულად ექნება პლატფორმის ფუნქცია, მეორე მიზანი ზუგდიდის ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება, მესამე კი საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება და გამართვა, რომელიც დღე-დღეზე ელოდება მზის სინათლის ნახვას. რაც შეეხება ოცნებას, ეს ჩემს უნივერსიტეტთან არის კავშირში, მინდა ჩემს პიროვნებად ჩამომყალიბებელ ადგილს დავუბრუნდე ლექტორის ამპლუაში, რათა მიღებული ცოდნა და ის მცირე პრაქტიკა, რომელიც ამ წლების განმავლობაში დამიგროვდა, გადავცე სხვა სტუდენტებს და ჩემი მხრივ მივიღო მონაწილეობა მათ პიროვნულ ჩამოყალიბებასა და კარიერულ ზრდაში.
