"Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნა"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურ დირექტორ ჯაბა სამუშიასთან ერთად, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში Horizon Europe-ის საგრანტო ოფისის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ნუნუ მიცკევიჩმა სიტყვით გამოსვლისას Horizon Europe-ის პროგრამის კონკურსებში საქართველოს წარმომადგენლების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, Horizon Europe-ის საგრანტო ოფისი ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საგრანტო კონკურსებში ქართველ მეცნიერთა წარმატების მაჩვენებლის გაუმჯობესებას, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციას და საქართველოს მეცნიერთა ინტეგრაციას შეუწყობს ხელს ევროპულ სამეცნიერო სივრცეში.
ოფისის კოორდინატორები ქართველ მკვლევართა ჯგუფებს აქტიურ დახმარებას გაუწევენ კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომში მის მართვაში. აღნიშნული სივრცე ქართველ და აფხაზ მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს, ისარგებლონ იმავე პირობებითა და უფლებებით, როგორითაც ევროკავშირის ქვეყნების სამეცნიერო და ინოვაციების სფეროს წარმომადგენლები სარგებლობენ.
რაც შეეხება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ცენტრს, ის ქართველ და აფხაზ სტუდენტებსა და მკვლევრებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის ბენეფიციართა 45%-ზე მეტი აფხაზეთიდან დევნილი სტუდენტია, შესაბამისად, სასწავლო გარემო მაქსიმალურად არის მორგებული დევნილ სტუდენტთა საჭიროებებზე და მათთვის უნივერსიტეტი სხვადასხვა მხარდამჭერ აქტივობებს ახორციელებს.განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს Horizon Europe-ის საგრანტო ოფისების ქსელის გაფართოება, რომელიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა საჯარო უნივერსიტეტს მოიცავს. საგრანტო ოფისის ფუნქციაა ქართველ მკვლევართა ჯგუფების ხელშეწყობა კონკურენტუნარიანი საპროექტო განაცხადების მომზადებასა და შემდგომი პროცესების მართვაში.







