“ევროპის უნივერსიტეტში” უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
2023 წლიდან შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ერაზმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CBHE) ფარგლებში დაფინანსებულ პროექტში VETPRO („ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“/“Development of Veterinary Faculties at Georgian HEIs to Create a New Pool of Young Veterinary Professionals in Georgia”) ჩაერთო.
30-31 იანვარს, პროექტის კოორდინატორ “ევროპის უნივერსიტეტში” კონსორციუმის წევრი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. კონსორციუმი შედგება 3 ქვეყნის 5 უნივერსიტეტისგან: ევროპის უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი და ლატვიის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი.
პროექტი საქართველოში ვეტერინარიის სფეროს განვითარებას ისახავს მიზნად. მის კონკრეტულ ამოცანებს წარმოადგენს: (1) ვეტერინარიის ფაკულტეტების განვითარება და სწავლების ხარისხის ამაღლება ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად; (2) ვეტერინარიის სფეროში უწყვეტი განათლების მხარდაჭერა ღია წვდომის ონლაინ კურსების შეთავაზებით; (3) სოციალურ-ეკონომიკური სექტორის მხარდაჭერა საუნივერსიტეტო საზოგადოებასა და ფართო საზოგადოებას შორის თანამშრომლობის დამყარებით.
აღნიშნული ამოცანების მისაღწევად, პროექტი VETPRO ითვალისწინებს ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა: საქართველოს და ევროკავშირის ქვეყნების უნივერსიტეტებს, ლაბორატორიებსა და კლინიკებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება; ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად აკადემიური და მოწვეული პერსონალის გადამზადება; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კერძო და საჯარო სექტორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების დამყარება და სხვა.





