განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აშშ-ის ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მასთან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტები განიხილა, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით ხორციელდება.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა კელი დეგნანს განათლებისა და მეცნიერების სფეროების განვითარების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უკვე მრავალი წელია საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით მასშტაბურ ინიციატივებს ახორციელებს, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
თავის მხრივ, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ საქართველო და აშშ უკვე მრავალი წელია ნაყოფიერად თანამშრომლობენ. ელჩმა მინისტრს დაუდასტურა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერას.
შეხვედრის შემდეგ გიორგი ამილახვარმა და კელი დეგნანმა უმასპინძლეს ფულბრაიტის ინგლისური ენის სწავლების ასისტენტის პროგრამის (ETA-English Teaching Assistant) მონაწილე მასწავლებლებს და მათთან პროექტის მნიშვნელობასა და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრეს.
იხილეთ ვრცლად: https://mes.gov.ge/content.php?id=13381&lang=geo

