უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული ჩემპიონატის შესარჩევი (შიდა საუნივერსიტეტო) ტური.
17 დეკემბერს ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სასამართლო დარბაზში ჩატარდა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს იმიტირებული პროცესის ეროვნული ჩემპიონატის შესარჩევი (შიდა საუნივერსიტეტო) ტური. პროექტის ორგანიზატორია საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია / Georgian Bar Association. სასამართლო პროცესში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის ,,სამართლის’’ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსის სტუდენტები, ასევე წარმოდგენილი იყო 12 ნაფიცი მსაჯული, უნივერსიტეტის სხვა სპეციალობებიდან. იმიტირებულ სასამართლო პროცესს წინ უძღოდა გუნდების ფორმირება და შერჩეული მონაწილეების დატრენინგება ფასილიტატორების მიერ.
ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატის ფინალური იმიტირებული სასამართლო პროცესი საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართება.
„ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლოს ეროვნული ჩემპიონატი“ აღნიშნული მასშტაბით საქართველოში პირველად ტარდება და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პროექტი სტუდენტებს საპროცესო უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება. ასევე, მათ საშუალებას მისცემს საჭირო პროფესიული კონტაქტები დაამყარონ.