ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი „შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია“..
ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ფარგლებში მიმდინარეობს პროექტი „შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია“, რომელიც ხორციელდება ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ „ქრიეითივ სპარკ“-ის მიერ და ემყარება, ზუგდიდის კულტურის განვითარების სტრატეგიას, რომელიც შემუშავებული და დამტკიცებულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.
ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე ჰიბრიდულ რეჟიმში განხორციელდა 3 სასწავლო მოდული, რომელშიც საერთო ჯამში მონაწილეობა 79-მა სტუდენტმა მიიღო.
31 იანვარს დასრულდა „შემოქმედებითი და სამეწარმეო უნარების განვითარების“ სასწავლო კურსი, რომლის შემაჯამებელ, პრაქტიკულ აქტივობებში, საკუთარი გამოცდილების გაზიარების მიზნით ადგილობრივმა ორმა მეწარმემ მიიღო მონაწილეობა Malo Handmade - ხელნაკეთი სუვენირები და IRDA - ტყავის აქსესუარები. მეწარმეებმა პრაქტიკული სწავლების ფარგლებში მონაწილეებს ჩაუტარეს პოლიმერულ თიხაზე მუშაობისა და ტყავის დამუშავების ვორქშოპი.
ვორქშოპში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული უმაღლესის სტუდენტებმა და აფხაზეთისა და ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებმა.
სასწავლო კურსის შემაჯამებელი აქტივობის ფარგლებში, ასევე გაიმართა იდეების ლაბორატორია, სადაც სტუდენტებს, სასწავლო მოდულის ფარგლებში მიღებული ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენებით შესაძლებლობა მიეცათ შეემუშავებინათ საპროექტო იდეები და განეხილათ სასწავლო კურსის მენტორთან, რათა მიეღოთ რჩევები და დამატებითი რეკომენდაციები. მონაწილეებს შემუშავებული პროექტების წარმოდგენის შესაძლებლობა მიეცემათ პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, რომელიც მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება.