უნივერსიტეტმა უმასპინძლა ესტონეთის სიცოცხლისშემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორს, ვეტერინარული მედიცინისა და ცხოველთა მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს ტომას ტირაატს
ვეტერინარიის კვირეულის ფარგლებში ზუგდიდის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ესტონეთის სიცოცხლისშემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორს, ვეტერინარული მედიცინისა და ცხოველთა მეცნიერების ინსტიტუტის დირექტორს ტომას ტირაატს, რომელმაც დარგის ექსპერტთან, კიული კორგესართან ერთად მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა უნივერსიტეტის რექტორთან, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის განმახორციელებლებთან.
ვიზიტის ფარგლებში, ექსპერტები ეწვივნენ უნივერსიტეტში მოქმედი ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამის პრაქტიკის ობიექტებს, დაათვალიერეს უნივერსიტეტში არსებული ვეტერინარიის ლაბორატორიები და სტუდენტთათვის ხელმისაწვდომი სერვისები და სივრცეები.
ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო უნივერსიტეტის სენაკის ბაზის დათვალიერებას: მეცხოველეობის ფერმა, სათბურები, მეფუტკრეობის ლაბორატორია და სხვა.
ვიზიტის კულტურული ნაწილი ქალაქისა და მუზეუმის დათვალიერებითა და ბოტანიკურ ბაღში სტუმრობით დასრულდა, სადაც ბოტანიკური ბაღის ისტორიისა და უნიკალური მცენარეების შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის უნივერსიტეტში მოქმედი დეკორატიული მებაღეობის დუალური პროგრამის სტუდენტები და პროგრამის ხელმძღვანელი უზიარებდნენ. სტუმრებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა დუალური პროგრამის პრაქტიკული კომპონენტის განხორციელების ეს პრაქტიკა და სტუდენტთათვის არსებული შესაძლებლობები.
აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობა ზუგდიდის უნივერსიტეტსა და ესტონეთის სიცოცხლისშემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტს შორის erasmus+ საერთაშორისო პროექტის VETPRO ფარგლებში დაიწყო. 2023 წლის სექტემბრის თვეში უნივერსიტეტის რექტორი და პროექტში ჩართული პერსონალი ვიზიტით იმყოფებოდა ქალაქ ტარტუში, სადაც გაზიარებულ იქნა ესტონური გამოცდილება.
დაიგეგმა თანამშრომლობის გაძლიერება გაცვლითი პროექტების ნაწილში.