უნივერსიტეტში „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.
2026 წლის 9 თებერვალს შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო პროგრამის მხარდაჭერის მიზნით გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) შეხვედრა-დისკუსია გაიმართა.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა სკოლამდელი განათლების სფეროში პრაქტიკის კომპონენტის გაძლიერების საკითხები, პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების პროცესში უნივერსიტეტებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაუმჯობესების გზები და მასწავლებელთა მომზადების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრაქტიკის კომპონენტის ხარისხიანი განხორციელებისთვის მენტორის გადამწყვეტ როლსა და მნიშვნელობას, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მომავალი მასწავლებლების პროფესიულ მომზადებაზე.
შეხვედრაზე იაპონელმა პარტნიორებმა: იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენელმა მასაჰირო კატომ და JICA-ს მოხალისეებმა: აიუ სუგიმოტომ – ბაღის მასწავლებელი (ხაშური), მიჰო ინაბამ – ოკუპაციური თერაპევტი (ხაშური) და იოშიკო ჰაზამამ – ბაღის მასწავლებელი (რუსთავი) იაპონიის საბავშვო ბაღების მოწყობის, საგანმანათლებლო გარემოს ორგანიზებისა და ადრეული განათლების პრაქტიკის გამოცდილების გაუზიარეს შეხვედრის მონაწილეებს. წარმოდგენილი გამოცდილება შეეხებოდა როგორც ბავშვზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს, ისე აღმზრდელთა პროფესიულ როლს, გუნდურ მუშაობასა და ყოველდღიური საგანმანათლებლო პრაქტიკის თავისებურებებს.
შეხვედრის განმავლობაში დეტალურად იქნა განხილული ადრეული განათლების სექტორში არსებული მიღწევები, გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) წარმომადგენლები, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი, ზუგდიდის მუნიციპალიტეტისა და სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა მართვის ცენტრის წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების აღმზრდელ-პედაგოგები, „სკოლამდელი განათლების“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.







