ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოს ისტორიის ავტორიტეტული მკვლევარი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის გამორჩეული სპეციალისტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ავთანდილ თორდია
ხანმოკლე, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა საქართველოს ისტორიის ავტორიტეტული მკვლევარი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის გამორჩეული სპეციალისტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მრავალი მეცნიერული ნარკვევისა და ისტორიული რუკის, საისტორიო წრეებში აღიარებული ორტომეულის--,,დადიანების“ ავტორი, შესანიშნავი პედაგოგი და გულისხმიერი კოლეგა, ახალგაზრდა თაობის მაღალკვალიფიციური დამკვალიანებელი და მრჩეველი, თავისი ქალაქის ღირსეული მკვიდრი ავთანდილ თორდია. კოლეგებსა და მეგობრებს, სტუდენტებს ჯერ კიდევ გვქონდა იმედი, რომ ბატონი ავთო დაძლევდა ავადმყოფობას და ჩვეული ნათელი ღიმილით შემოაბიჯებდა საყვარელ უნივერსიტეტში, რომელიც მისთვის მეორე ოჯახი იყო.
თსუს წარჩინებული კურსდამთავრებული, როგორც პერსპექტიული ახალგაზრდა მკვლევარი, პროფესორ-მასწავლებელთა რეკომენდაციით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილებაში იწყებს მეცნიერ-თანამშრომლად მოღვაწეობას, საიდანაც დაიწყო მისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. არ დარჩენილა საქართველოს არც ერთი ისტორიული კუთხე, რომლის კვლევა-შესწავლაშიც ბატონ ავთოს გარკვეული წვლილი არ ჰქონდეს შეტანილი. დიდია მისი დამსახურება საქართველოს ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოების, საქართველოს ისტორიული ატლასის მომზადებისა და გამოცემის საქმეში. სამეცნიერო წრეებში დიდ ანგარიშს უწევდნენ მის კომპეტენტურ შეხედულებებს ჩვენი ქვეყნის ისტორიის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. დაჯილდოებული იყო დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით. მას ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში იცნობდნენ, როგორც აღიარებულ მკვლევარს.
90-იანი წლების დასაწყისიდან ავთანდილ თორდია ზუგდიდში გადმოდის სამოღვაწეოდ. სხვადასხვა დროს მუშაობდა ზუგდიდის დამოუკიდებელ უნივერსიტეტში, თსუ ზუგდიდის ფილიალში, ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმში ჯერ მეცნიერ-თანამშრომლად, შემდეგ დირექტორად. 2007 წლიდან გარდაცვალებამდე შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი იყო.
პროფესორ ავთანდილ თორდიას ბევრი განუხორციელებელი პროექტი დარჩა. მიუხედავად უნივერსიტეტის კოლეგებისა და მეგობრების ცდებისა, სენი დაუძლეველი აღმოჩნდა. ძნელია უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულება წარმოიდგინო პროფესორ ავთანდილ თორდიას გარეშე. სტუდენტებს ის გამორჩეულად უყვარდათ, მძიმე სენით შეპყრობილს ხშირად ნახულობდნენ, ამხნევებდნენ...
მშვიდობით მეგობარო, მსუბუქი იყოს შენთვის მშობლიური მიწა, რომლის ისტორიის კვლევასაც მთელი შენი შეგნებული ცხოვრება შეალიე!

