ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის ფარგლებში, პროექტის – „ახალგაზრდები ციფრულ და ჯანსაღ გარემოში“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრა საინფორმაციო და ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა ერთად შეაჯამეს ბოლო სამი თვის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, მიღწეული შედეგები და პროექტის სამომავლო პერსპექტივები. ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს პროექტის წარმატებით დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელი ალექსანდრე ქაჯაია, ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თორნიკე შუბითიძე და მოადგილე ანზორ მეგრელიშვილი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეონა ხუფენია, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ზაალ ქორთუა და უნივერსიტეტის თანამშრომლები.
პროექტი მიზნად ისახავდა სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები 17–29 წლის ახალგაზრდების პიროვნული, ციფრული და სოციალური უნარების გაძლიერებას ინტეგრირებული საგანმანათლებლო და სპორტული აქტივობების საშუალებით.
პროექტის ფარგლებში 50-მა ახალგაზრდამ გაიარა ინტენსიური საგანმანათლებლო კურსი, რომელიც მოიცავდა ისეთ აქტუალურ თემებს, როგორიცაა თვითბრენდინგი, ხელოვნური ინტელექტის (AI) რესურსების ეფექტიანი გამოყენება, მენტალური ჯანმრთელობა, ციფრული უსაფრთხოება და ტექ-ინგლისური.
საგანმანათლებლო კომპონენტის პარალელურად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, გაიმართა საფეხბურთო ტურნირი, რომელშიც 50-მდე ახალგაზრდა ჩაერთო. ჯამში, პროექტის ფარგლებში 100-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობაში, გაიღრმავა ცოდნა და განივითარა პრაქტიკული უნარები.

