საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)”
შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი ვეტერინარიის მსოფლიო დღის აღნიშვნას ვეტერინარიის კვირეულის ჩატარებით შეუერთდა, რომლის ფარგლებში არაერთი ღონისძიება დაიგეგმა.
2024 წლის 26 აპრილს, უნივერსიტეტში მოქმედი ერასმუს+ ინსტიტუციური განვითარების პროექტის „სავეტერინარო მედიცინის ფაკულტეტების განვითარება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ახალგაზრდა ვეტერინარიის პროფესიონალების მომზადების მიზნით“ (VETPRO) ფარგლებში, პროექტის კოორდინატორ “ევროპის უნივერსიტეტში” საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის (AVET)” ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა. კონფერენციის თანაორგანიზატორი პროექტის დანარჩენ პარტნიორებთან ერთად ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომლის პროფესორები მონაწილეობას იღებდნენ კონფერენციაში როგორც მომხსენებლები, ისე სამეცნიერო კომიტეტის წევრები. მოხსენება წარადგინა უნივერსიტეტის პროფესორმა ქეთევან ლატარიამ თემაზე: „ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის შესაძლებლობები ფერმერულ მეურნეობაში“.
კონფერენცია ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მოღვაწე მეცნიერების, აკადემიური პერსონალის, გამოცდილი და დამწყები მკვლევრების სამეცნიერო-პრაქტიკული საქმიანობის ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენას ემსახურებოდა.
ქართველმა, ესტონელმა, თურქმა და რუმინელმა სპიკერებმა მოხსენებები გააკეთეს ისეთ თემებზე, როგორებიცაა ცხოველთა კვება, ჰიგიენა და კეთილდღეობა, ცხოველური წარმოშობის სურსათის უსაფრთხოება, ინფექციური დაავადებები და ეპიდემიოლოგია, ბიოპოტენციალი, ვეტერინარული განათლება და სხვა.
მოხსენებების დასასრულს, კონფერენციის მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა აქტიურად ჩართულიყვნენ კითხვა-პასუხის სესიებში და მიეღოთ უკუკავშირი მათთვის საინტერესო საკითხებზე. კონფერენცია ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, ხოლო მისი მთავარი მომხსენებელი გახლდათ პროექტ VETPRO-ს მკვლევარი, ესტონეთის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი ტოომას ტიირატსი, რომელიც ვეტერინარიის კვირეულის ფარგლებში სტუმრობდა ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს.
აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას „მეცნიერული მიღწევები ვეტერინარიის დარგის მდგრადი და უსაფრთხო განვითარებისათვის” ყოველწლიური ხასიათი ექნება.
#ზსსუ #zssu #vetpro #CBHE #ErasmusPlus #internationalization #veterinary