სარედაქციო პოლიტიკა და მოთხოვნები

მიმდინარეობს საიტის განახლება
რეგიონული უნივერსიტეტების სამართლის ჟურნალის
„სამართლის აქტუალური საკითხები“
სარედაქციო პოლიტიკა და მოთხოვნები
 
 
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
  1. რეგიონული უნივერსიტეტების სამართლის ჟურნალი „სამართლის აქტუალური საკითხები“ (შემდგომში ჟურნალი) გამოიცემა წელიწადში არანაკლებ ერთხელ ქართულ ენაზე, ასევე საჭიროების შემთხვევაში ინგლისურ ენაზე.
  2. ჟურნალში იბეჭდება ნაშრომი, რომელიც ეხება სამართლის აქტუალურ, თანამედროვე საკითხებს.
  3. ჟურნალის გამოცემა შეიძლება იყოს როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული თემატიკის. დასაშვებია ჟურნალის სპეციალური ნომრის მომზადება სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორის გადაწყვეტილებით.
  4. ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას. იგი ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე. დაინტერესებული პირს უფლება აქვს გაეცნოს, ჩამოტვირთოს, გადაიღოს ასლი, გაავრცელოს, დაბეჭდოს, მოიძიოს ან ნაშრომების ტექსტზე მითითება გააკეთონ ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები გამომცემლის ან ავტორების წინასწარი თანხმობის გარეშე.
 
 
მუხლი 2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების ტიპები
  1. ჟურნალში შეიძლება განთავსდეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:
    • სტატია;
    • სტუდენტური ნაშრომი;
    • პრაქტიკის მიმოხილვა;
    • ლიტერატურის მიმოხილვა;
    • საპატიო ნაშრომი.
  2. სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორის გადაწყვეტილებით ჟურნალში შესაძლებელია გამოქვეყნდეს საკონფერენციო მასალები.
 
 
მუხლი 3. ნაშრომების შერჩევის წესი
ჟურნალში გამოქვეყნების მიზნით ნაშრომების შერჩევა ხდება:
  1. ღია კონკურსით (call for papers);
  2. სარედაქციო საბჭოსთვის ან რედაქტორისათვის ნაშრომის პირდაპირი წარდგენით;
  3. სარედაქციო საბჭოს წევრის რეკომენდაციით;
  4. სპეციალური წესით (საპატიო ნაშრომის გამოქვეყნების წესი).
 
 
მუხლი 4. ღია კონკურსი
  1. სტატიების შესარჩევად ღია კონკურსის (შემდგომში კონკურსი) ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო რედაქტორის წარდგინების საფუძველზე.
  2. კონკურსი ცხადდება შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ვებგვერდის და სოციალური გვერდების მეშვეობით. დასაშვებია კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ, ინტერნეტრესურსების ან სხვა არხების მეშვეობით.
  3. კონკურსის შესაბამისი ეტაპები და მათთვის განსაზღვრული ვადები დგინდება რედაქტორის წარდგინებით სარედაქციო საბჭოს მიერ.
  4. კონკურსის მეშვეობით შესაძლებელია შეირჩეს ერთი ან რამდენიმე სტატია.
  5. კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ ამ დოკუმენტით განსაზღვრული ნაშრომები შესაბამისი მოთხოვნების დაცვით.
  6. კონკურსში მონაწილე პირებმა სტატიებთან ერთად უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ან მყარი სახით დადასტურებული თანხმობა, ნაშრომის ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემის თაობაზე.
 
 
მუხლი 5. ნაშრომის პირდაპირი წარდგენის წესი
  1. სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორს შეიძლება წარედგინოს გამოსაქვეყნებელი ნაშრომი, როგორც ფოსტის, ასევე ელექტრონული საშუალებით.
  2. პირდაპირ წარდგენილი ნაშრომი უნდა იყოს ამ დოკუმენტით გათვალისწინებული ტიპის და აკმაყოფილებდეს შესაბამის მოთხოვნებს.
  3. პირდაპირ მიწოდებული ნაშრომის გამოქვეყნებამდე ავტორმა წერილობით ან ელექტრონული საშუალებით უნდა დაადასტუროს მისი ორიგინალობის და გამოქვეყნების შემთხვევაში, ნაშრომზე განსაკუთრებული უფლების გადაცემა.
 
 
მუხლი 6. ნაშრომის შესარჩევად რეკომენდაციის გაწევის წესი
  1. სარედაქციო საბჭოს წევრს უფლება აქვს სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორს მიმართოს რეკომენდაციით, ჟურნალში მესამე პირის ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე.
  2. რეკომენდაცია შეიძლება იყოს წერილობითი ან ელექტრონული სახით და უნდა შეიცავდეს ნაშრომის აბსტრაქტს და რეცენზიას.
  3. რეკომენდაციის საფუძველზე ნაშრომის გამოქვეყნების საკითხი წყდება ზოგადი წესის შესაბამისად.
 
 
მუხლი 7. ნაშრომის შერჩევის სპეციალური წესი
  1. სარედაქციო საბჭოს წევრს უფლება აქვს რედაქტორს მიაწოდოს გამოსაქვეყნებლად მის მიერ შესრულებული ნაშრომი (საპატიო ნაშრომი).
  2. სარედაქციო საბჭოს წევრის ნაშრომზე არ ვრცელდება ნაშრომის ტიპების და მათი ფორმატირების მოთხოვნები.
  3. სარედაქციო საბჭოს წევრის ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
    • ნაშრომი უნდა იყოს სამართლის დარგის ფარგლებში;
    • ნაშრომი უნდა იყოს ინგლისურ ან ქართულ ენაზე;
    • ნაშრომი უნდა შეიცავდეს არანაკლებ 800 სიტყვას ინგლისურ ენაზე, 1000 სიტყვას ქართულ ენაზე;
    • ნაშრომში არ უნდა იყოს პლაგიატი, დაცული უნდა იყოს ციტირების რომელიმე საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტი;
    • ნაშრომი უნდა იყოს ორიგინალური, ან უნდა ჰქონდეს შესაბამისი მითითება ორიგინალური ნაშრომის გამოქვეყნების დროისა და ადგილის შესახებ.
  4. ნაშრომის ავტორი გადასცემს რედაქტორს უფლებას, დაამუშავოს მისი ფორმატირება და ვიზუალური მხარე.
 
 
მუხლი 8. სტატიისთვის დადგენილი მოთხოვნები
  1. აკადემიური ნაშრომი წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის საფუძველზე შედგენილ სტატიას, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები.
  2. სტატიის მოცულობა უნდა იყოს:
    • ქართულ ენაზე არანაკლებ 3000 სიტყვა, არაუმეტეს 5000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);
    • ინგლისურ ენაზე არანაკლებ 2500 სიტყვა, არაუმეტეს 6000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით).
  3. სტატიას უნდა ჰქონდეს განსაზღვრული მეთოდოლოგია და აგებული უნდა იყოს ასეთი მეთოდოლოგიის მიხედვით.
  4. სტატიას უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები.
  5. სტატიის ფორმატირების მოთხოვნა:
    • ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;
    • ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი უფლებამოსილია შეცვალოს ფონტის ზომა;
    • სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურები ფორმატირდება დონეების მიხედვით;
    • სქოლიო - ძირითადი ტექსტის იდენტური ფონტით, ფონტის ზომა ორი ზომით ნაკლები ტექსტის ზომაზე.
  6. სტატიას შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (დოქტორანტი, დოქტორი) რეცენზიის (peer-review) წარდგენა.
 
 
მუხლი 9. სტუდენტური ნაშრომისთვის დადგენილი მოთხოვნები
1. სტუდენტური ნაშრომი წარმოადგენს შესაბამისი კვლევის მეთოდის მიხედვით ან მის გარეშე შედგენილ ნარკვევს, რომელშიც დაცულია აკადემიური წერის სტანდარტები, მისი ავტორი შეიძლება იყოს უმაღლესი განათლების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი სტუდენტი.
2. სტუდენტური ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:
ა) ინგლისურ ენაზე არანაკლებ 3000 სიტყვა, არაუმეტეს 5000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);
ბ) ქართულ ენაზე არანაკლებ 2500 სიტყვა, არაუმეტეს 6000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით).
3. უპირატესობა მიენიჭება განსაზღვრული მეთოდოლოგიის მქონე და მის მიხედვით აგებულ ნაშრომს.
4. სტუდენტურ ნაშრომს უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, გამოყოფილი სათაურები;
5. სტუდენტურ ნაშრომს შესაძლოა მოეთხოვოს აკადემიური სტატუსის მქონე პირის (აგრეთვე, დოქტორანტის ან დოქტორის) ან თემის ხელმძღვანელის (შესაბამისი უნივერსიტეტის პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის ან მოწვეული სპეციალისტის) რეცენზია.
6. სტუდენტურ ნაშრომის ფორმატირების მოთხოვნა:
ა) ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;
ბ) ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;
გ) სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);
დ) სქოლიო - ძირითადი ტექსტის იდენტური ფონტით, ფონტის ზომა ორი ზომით ნაკლები ტექსტის ზომაზე.
 
 
მუხლი 10. პრაქტიკის მიმოხილვისთვის დადგენილი მოთხოვნები
  1. პრაქტიკის მიმოხილვა კეთდება საერთაშორისო ან ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებ(ებ)ის შესახებ, რომელიც სამართალზე ახდენს მნიშვნელოვან გავლენას.
  2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:
    • ინგლისურ ენაზე არანაკლებ 1000 სიტყვა, არაუმეტეს 1500 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);
    • ქართულ ენაზე არანაკლებ 700 სიტყვა, არაუმეტეს 2000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით).
  3. პრაქტიკის მიმოხილვა უნდა გადმოსცემდეს საქმის არსს მოკლედ და ავტორის მოსაზრებას, თუ რა გავლენა აქვს გადაწყვეტილებას სამართლის განვითარებაზე.
  4. ნაშრომს უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილი სათაურები.
  5. პრაქტიკის მიმოხილვის ფორმატირების მოთხოვნა:
    • ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;
    • ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;
    • სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);
    • სქოლიო - ძირითადი ტექსტის იდენტური ფონტით, ფონტის ზომა ორი ზომით ნაკლები ტექსტის ზომაზე.
 
 
მუხლი 11. ლიტერატურის მიმოხილვისთვის დადგენილი მოთხოვნები
  1. ლიტერატურის მიმოხილვაში უნდა იყოს განხილული მნიშვნელოვანი ლიტერატურის (წიგნის, სამეცნიერო ნაშრომის) სტრუქტურა, მისი მოკლე მიმოხილვა და მნიშვნელობა სამართლისათვის;
  2. ნაშრომის მოცულობა უნდა იყოს:
    • ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 1000 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);
    • ქართულ ენაზე არაუმეტეს 700 სიტყვა (სქოლიოს ჩათვლით);
  3.  ნაშრომს უნდა ჰქონდეს ლოგიკური სტრუქტურა, საჭიროების შემთხვევაში, გამოყოფილი სათაურები.
  4. ლიტერატურის მიმოხილვის ფორმატირების მოთხოვნა:
    • ფონტი - Sylfaen (ინგლისურ ნაშრომზე დასაშვებია Times New Roman), ქართული ნაშრომი აუცილებლად უნდა იყოს UTF-8 უნიკოდში;
    • ფონტის ზომა - ქართული - 11; ინგლისური - 12. დაკაბადონების პროცესში ჟურნალი იტოვებს უფლებას, შეცვალოს ფონტის ზომა;
    • სათაურები - გამოყოფილი Headings სისტემით, განსხვავებული ფონტით. თითოეულ სათაურს უნდა ჰქონდეს მინიჭებული შესაბამისი დონე. სათაურების ფორმატირება დონეების მიხედვით მოხდება რედაქტორის მიერ (ვიზუალური დამუშავება);
    • სქოლიო - ძირითადი ტექსტის იდენტური ფონტით, ფონტის ზომა ორი ზომით ნაკლები ტექსტის ზომაზე.
 
 
მუხლი 12. ნაშრომის გამოქვეყნების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება
  1. ნაშრომების შერჩევას ახდენს რედაქტორი და წარუდგენს სარედაქციო საბჭოს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.
  2. შერჩეული ნაშრომების ავტორებს სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
  3. შერჩეული ნაშრომების ავტორები წინასწარ ან შერჩევის შემდეგ  ვალდებული არიან (მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში) წარმოადგინონ ნაშრომის აბსტრაქტი და არანაკლებ 4 ძირითადი სიტყვა/სიტყვები, რომლებიც უზრუნველყოფს სტატიების კლასიფიცირებას თემების მიხედვით.
  4. ნაშრომების ავტორებს წინასწარ ან შერჩევის შემდეგ შესაძლებელია მოეთხოვოთ ნაშრომის რეცენზიის წარმოდგენა რედაქტორის მიერ მითითებული სტატუსის მქონე პირისაგან (აკადემიური სტატუსი, სასწავლო დაწესებულების მასწავლებელი, დოქტორი ან დოქტორანტი). ჟურნალს ასევე შეუძლია საკუთარი რესურსით მოიპოვოს ღია რეცენზია, რა შემთხვევაშიც ავტორისა და რეცენზენტის ვინაობა ცნობილი უნდა იყოს ერთმანეთისთვის რეცენზირების ან გამოქვეყნების ეტაპზე.
 
 
მუხლი 13. სტატიის შინაარსობრივი სტანდარტები
  1. ყველა ნაშრომი, რომელიც წარედგინება რედაქტორს ან სარედაქციო საბჭოს უნდა იყოს ორიგინალი ან მითითებული უნდა იყოს მისი პირვანდელი გამოქვეყნების დრო და ადგილი, აგრეთვე დადასტურებული უნდა იყოს ავტორის უფლება, ხელახალ ან განახლებული რედაქციით გამოქვეყნების თაობაზე;
  2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომი უნდა იყოს აქტუალური და ეხებოდეს სამართლის პრობლემურ ან მნიშვნელოვან საკითხს.
  3. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი აკადემიური ან/და პრაქტიკული არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები.
  4. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლიის არსებობის შემთხვევაში იგი სრულად უნდა იყოს დაცული.
 
 
მუხლი 14. პლაგიატის აკრძალვა
  1. დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება.
  2. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალური პროგრამაში Turnitin.
  3. პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა.
  4. პროგრამის მიერ დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტების და შესწორების წარმოდგენა, რისთვისაც განისაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე.
  5. პროგრამის მიერ 12%-ზე მეტი ზუსტი დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტების წარმოდგენა, არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღისა. თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად. თუ ავტორის განმარტება მიუთითეს გულწრფელ შეცდომაზე ან დამთხვევის მიზეზი მკვლევარის გამოუცდელობაა, სარედაქციო საბჭო უფლებამოსილია ავტორს განუსაზღვროს გონივრული ვადა, არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა, შეცდომის გამოსასწორებლად.
  6. რედაქტორის/სარედაქციო საბჭოს მოთხოვნის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ნაშრომი არ გამოქვეყნდება ჟურნალში. განმარტების ან/და ცვლილების მოთხოვნაზე დაუსაბუთებელი უარის თქმის შემთხვევაში რედაქტორი ან/და სარედაქციო საბჭო იტოვებს ამ ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას.
  7. გამოქვეყნებულ ნაშრომში მესამე პირის მიერ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, აღმომჩენი უფლებამოსილია მიმართოს ჟურნალის სარედაქციო საბჭოს ან რედაქტორს და მოითხოვოს ფაქტის გამოკვლევა, აგრეთვე პლაგიატის პროგრამიდან ამონაწერი დამთხვევების შესახებ. პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში ჟურნალის მომდევნო გამოცემაში განთავსდება პლაგიატის შესახებ ინფორმაცია და რედაქტორი ან/და სარედაქციო საბჭო იტოვებს პლაგიატი ავტორის/ავტორების მიერ მომავალში წარდგენილი ნაშრომების გამოქვეყნებაზე უარის თქმის უფლებას.
 
 
მუხლი 15. წყაროების მითითების და ციტირების სტანდარტები
  1. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნებისმიერ ნაშრომში სათანადოდ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი წყარო.
  2. ნაშრომში დასაშვებია მხოლოდ ერთი ტიპის წყაროების მითითების სტანდარტის გამოყენება, აკრძალულია სხვადასხვა ციტირების სტანდარტის ერთ ნაშრომში აღრევა.
  3. წყაროს მითითება უნდა გაკეთდეს არაბული ნუმერაციით სქოლიოს (footnote) სახით. ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერტილი, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტებისათვის.
  4. ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომებისათვის ციტირების წყაროს მითითების სტანდარტები განსაზღვრულია Oxford University Standard for the Citation of Legal Authorities (OSCOLA) მეოთხე გამოცემით.
  5. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ქართულ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომების წყაროს მითითების წესები განისაზღვრება შემდეგი წესით (ამ პუნქტში მოცემული წესები მხოლოდ ავტორთა დახმარებას ისახავს მიზნად, მაგალითები მოცემულია განმარტებისათვის, წყაროების ტიპები არ არის ამომწურავი):
    • კანონდემბლობის მითითება - მუხლის ნომერი, აქტის დასახელება, მიღების თარიღი, გამოქვეყნების ადგილი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). შესაძლებელია მიეთითოს ელექტრონული მისამართიც. მაგალითად: მუხლი 7, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“. 31 იანვარი, 1996. პარლამენტის უწყებანი, 001, 27.02.1996. მუხლი 19, ადამიანის ძირითად უფლებათა  და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია (შემდგომში: ევროპული კონვენცია). 1950.
    • სასამართლო პრაქტიკის მითითება - სასამართლოს დასახელება, შესაძლებლობის შემთხვევაში სასამართლოს აქტის ტიპი, საქმის ან განაცხადის ნომერი, მხარეების დასახელება (მხარეები ბრჭყალებში) ან საქმის დასახელება ბრჭყალებში, გადაწყვეტილების მიღების თარიღი, შესაბამისი გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N1/1/477 „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 2011 წლის 22 დეკემბერი. პარაგრაფი 80. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე N9815/82 „ლინგენსი ავსტრიის წინააღმდეგ“, 1986 წლის 8 ივნისი. პარაგრაფები 41-42.
    • წიგნის პირველად მითითება: ერთი ან ორი ავტორის შემთხვევაში - ავტორ(ებ)ი, წიგნის სახელწოდება დახრილი ფორმატით ან ბრჭყალებში, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად: თ. ჰობსი, „ლევიათანი“, პინგვინის გამომცემლობა, 1985. გვ. 268.
    • რამდენიმე ავტორის შემთხვევაში - პირველი ავტორი „და სხვა“ მითითებით (ავტორთა კოლექტივის შემთხვევაში: ავტორთა კოლექტივი, რედაქტორის სახელი), წიგნის სახელწოდება დახრილი ფორმატით ან ბრჭყალებში, გამომცემლობა, წელი, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად: ავტორთა კოლექტივი, რედაქტორი ა. დემეტრაშვილი, „კონსტიტუციური სამართლის სახელმძღვანელო“, გამომცემლობა „რესპუბლიკა“, 2005. გვ. 305.
    • დ) სტატია წიგნში: სტატიის ავტორი, სტატიის სახელწოდება, წიგნში - წიგნის მითითების წესით. მაგალითად: ფ. როუზი, „სახეობათა ევოლუცია“ წიგნში ე. ბუროუზი და ა. როჯერი (რედაქტორები), „სამართლის განსაზღვრა: ესსეები პიტერ ბირკსის ხსოვნის საპატივცემულოდ“. ოქსფორდის უნივერსიტეტის პრესა, 2006.   წიგნის ყოველი შემდგომი მითითება - ავტორის გვარი, supra შესაბამისი პირველადი მითითების სქოლიოს ნომერი, გვერდი ან პარაგრაფი. მაგალითად: ჰობსი, supra სქოლიო 15, გვედი 88.
    • ე) პერიოდული გამოცემის სტატიის მითითება - სტატიის ავტორი, სტატიის სათაური დახრილი ფორმატით ან ბრჭყალებში, გამოცემის ნომერი და გამოცემის სახელწოდება დახრილი ფორმატით ან ბრჭყალებით, წელი, გვერდი ან/და პარაგრაფი. შემდგომი მითითების წესი წიგნის შემდგომი მითითების წესის მაგვარად. მაგალითად: გ. კვარაცხელია, „გაუქმებულ ან ძალადაკარგულად გამოცხადებულ სადავო აქტზე საკონსტიტუციო სამართალწარმოება“, 10 „საკონსტიტუციო სამართლის მიმოხილვა“, 2016. გვ-გვ. 45-47.
    • ვ) ინტერნეტ წყაროების (ბლოგები, ვებგვერდები) მითითება - ვებგვერდის და უკანასკნელი გადამოწმების თარიღის კვადრატულ ფრჩხილებში მითითებით. მაგალითად: მ. კლაასენი, “The best interests of the child in deportation cases: An analysis of Ejimson v. Germany” [ბავშვის საუკეთესო ინტერესები დეპორტაციის საქმეეზე. ეიმსონი გერმანიის წინააღმდეგ საქმის ანალიზი], Strasbourg Observers Blog, 2018 წლის 30 მარტი, ხელმისაწვდომია აქ: www.strasbourgobservers.com/2018/03/30/the-best-interests-of-the-child-i... [უკანასკნელად გადამოწმდა 2018 წლის 17 აპრილს].
    • ზ) ტექსტის სხვა ნაწილების მითითება (cross reference) - ნაშრომის ამა თუ იმ წინა თავზე ან სექციაზე მითითებისას, ისევე, როგორც უკვე გამოყენებულ წყაროზე მითითებისას supra მითითება უნდა იყოს გამოყენებული, ხოლო ჯერ თუ არ ყოფილა ნახსენები ესა თუ ის ნაწილი ან სექცია, ან წყარო - infra მითითება უნდა იყოს ნახსენები. ტექსტზე მითითებისას გამოყენებული უნდა იყოს სქოლიოს ნუმერაცია და არა გვერდების. იმავე გვერდზე წინა სქოლიოში მითითებული წყაროს გამოყენების შემთხვევაში, ამავდროულად თუ შემდგომი სქოლიოც იმავე გვერდზე მოხვდა, გამოიყენება მითითება ibid ან იქვე, იმავე წყაროში სხვა გვერდის ან პარაგრაფის გამოყენებისას ემატება გვერდის ან პარაგრაფის მითითება. კერძოდ:
      • იხ. ტექსტი მე-18 და მე-20 სქოლიოებს შორის supra.
      • შდრ. მე-14 სქოლიოს ტექსტი infra.
      • იხ. სქოლიო 22 supra.
      • იქვე გვ. 17.
      • თუ სქოლიო მომდევნო გვერდზე გადავიდა, ან ასეთ მითითებასა და წინა სქოლიოს შორის არის სხვა წყარო, გამოიყენება supra მითითება.
  6. ციტატის მითითების (qutoation) წესები განისაზღვრება შემდეგი სახით:
    • ტექსტში ან სქოლიოში მოცემული ციტატა უნდა განთავსდეს ორმაგ ბრჭყალებში: ქართულ ენაზე ციტატამდე ბრჭყალი უნდა იყოს დაბალი („), ციტატის დასრულების შემდეგ - მაღალი (“), მაგალითად: „აა“;
    • ინგლისურ ენაზე ციტატამდე და ციტატის შემდეგ ბრჭყალები უნდა იყოს მაღალი, მაგალითად: “aa”;
    • თუ ავტორი საკუთარ სიტყვებს ამატებს ციტატაში, ასეთი სიტყვები უნდა იყოს გამოყოფილი კვადრატული ფრჩხილით. მაგალითად „ააა [ბბბ] ააა“;
    • თუ ავტორი ციტირებულ ტექსტში ხაზს უსვამს რაიმე ნაწილს ფორმატირების შეცვლით (bold, italics ან underline), ციტატის დასრულების შემდეგ კვადარტულ ფრჩხილში იწერება: [ხაზგასმა ავტორისაა] ინგლისურად: [emphasis added].
  7. ბიბლიოგრაფიაში მიეთითება ყველა ის წყარო, რომელიც გამოყენებული იქნა სტატიაზე მუშაობისას. 
  8. გამოყენებული ლიტერატურის/წყაროების აღწერა უნდა განხორციელდეს შემდეგნაირად: პუბლიკაციები/ნაშრომები ანბანური თანმიმდევრობით -  ჯერ მიუთითეთ ქართულენოვანი გამოცემები, შემდეგ უცხოური. ამის შემდეგ სხვა დანარჩენი წყაროები.
  9. ბიბლიოგრაფიის შედგენისას გამოიყენება მითითების შემდეგი წესი:
    • ავტორის გვარი, სახელი (სრულად), წიგნის დასახელება, გამომცემლობა, გამოცემის ადგილი და თარიღი. რამდენიმე ავტორის შემთხვევაში, ბიბლიოგრაფიაში მიეთითება ყველა ავტორის გვარი და სახელი;
    • სასამართლო გადაწყვეტილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, გადაწვეტილების დასახელება, და მიღების თარიღი;
    • ინტერნეტ წყაროს შემთხვევაში მიუთითეთ უკანასკნელი გადამოწმების თარიღი.
 
 
მუხლი 16. საავტორო უფლებების საკითხი
  1. ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიებზე ავტორები ჟურნალს გადასცემენ განსაკუთრებულ (ექსკლუზიურ) ლიცენზიას ბეჭდური და ელექტრონული სახით გამოყენებაზე, თარგმნაზე, ვიზუალურ დამუშავებაზე. ავტორებს რჩებათ უფლება გადაამუშავონ და რეპროდუცირება გაუკეთონ საკუთარ ნამუშევრებს, იმ პირობით, რომ ჟურნალს ამის შესახებ წინასწარ ეცნობება წერილობითი სახით.
  2. ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს.
  3. ნაშრომის გამოქვეყნებამდე ავტორი ვალდებულია დაადასტუროს განსაკუთრებული უფლებების გადაცემის საკითხი, რისთვისაც შესაძლოა მოეთხოვოს შესაბამისი განაცხადის ან ლიცენზიის ხელმოწერა.
  4. ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 4.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით.
  5. CC BY 4.0 ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს ჟურნალს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში წარმოაჩინოს ეს ცვლილებები. CC BY 4.0 ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას.
 
 
მუხლი 17. სტატიების გამოქვეყნების ღირებულება
  1. ჟურნალში ნაშრომების გამოქვეყნება არის უფასო.
 
 
მუხლი 18. ეთიკის საკითხები და დარღვევებზე რეაგირება
  1. ჟურნალი აღიარებს და პატივს სცემს აკადემიური კეთილსინდისიერების წესებს. ჟურნალმა უნდა უზრუნველყოს ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა რედაქტირების პროცესში, იმ შემთხვევაში, თუ შესაძლებელია ავტორსა და სარედაქციო საბჭოს წევრს/წევრებს ჰქონდეთ ინტერესთა კონფლიქტი, ავტორს ან/და სარედაქციო საბჭოს წევრს უფლება აქვს, განაცხადოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტის შესახებ, რაზედაც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო.
  2. ავტორებს მოეთხოვებათ დაიცვან ეთიკის წესები, რაც გულისხმობს ავტორის/ავტორების სათანადო მითითებას, წყაროების სწორ გამოყენებას, ფალსიფიკაციის და ფაბრიკაციის გამორიცხვას, ნაშრომის შემუშავებაში მონაწილე პირთა სათანადო მითითებას, პერსონალური მონაცემების პატივისცემას და სხვა საკითხებს.
  3. ჟურნალში გამოქვეყნებულ ნაშრომში/ნაშრომებში აღმოჩენილი დარღვევის შემთხვევაში ნებისმიერ პირს აქვს უფლება მიმართოს ჟურნალის რედაქტორს ან სარედაქციო საბჭოს და მოითხოვოს საკითხის მოკვლევა და შესაბამისი რეაგირება. განაცხადი უნდა შეიცავდეს დეტალურ ინფორმაციას დარღვევის შესახებ (ნაშრომის ავტორი, სათაური, დარღვევის ტიპი, დასაბუთება). რედაქტორი ვალდებულია ყველა ასეთი განაცხადი განიხილოს გონივრულ ვადაში და დასაბუთებული პასუხი აცნობოს განმცხადებელს. განაცხადის თაობაზე ეცნობება ავტორს/ავტორებს და ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი განმარტება წარმოადგინონ. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, სარედაქციო საბჭო იღებს გადაწყვეტილებას რეაგირების შესახებ დარღვევის შინაარსიდან გამომდინარე.
  4. რედაქტორი უფლებამოსილია დარღვევის შესახებ ინფორმაცია სოციალური მედიის ან სხვა წყაროს მეშვეობით გავრცელების შემთხვევაში მოახდინოს რეაგირება განაცხადზე იმგვარად, როგორც მოიქცეოდა წერილობითი განაცხადის შემთხვევაში.
  5. ჟურნალი უფლებამოსილია გამოიყენოს ნაშრომის უკან გამოხმობის, ცვლილებების განხორციელების ან განაცხადის გაკეთების მექანიზმი, თუ გამოქვეყნებულ ნაშრომში აღმოჩენილია რაიმე ტიპის დარღვევა. თითოეული ამ მექანიზმის გამოყენება ხდება დარღვევის მნიშვნელობიდან გამომდინარე და მათზე გადაწყვეტილებას იღებს სარედაქციო საბჭო. ბეჭდური გამოცემის მომდევნო ნომერში უნდა აისახოს შესაბამისი გადაწყვეტილება სათანადო დასაბუთებით, ხოლო ვებ-გვერდზე ასეთი ინფორმაცია განთავსდება შესაბამისი ნაშრომის გვერდზე.