ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი
2023 წელს ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი დაარსდა.
პროექტის „შემოქმედებითი ინკუბატორი და იდეების ლაბორატორია“ ფარგლებში შეიქმნა ციფრული ჰაბი/პლატფორმა პროფესიული უნარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „ქრიეითივ სპარკ“-ის მიერ.
პროექტი „ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი“ განხორციელდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების სტრატეგიის 2022-2026 სამოქმედო გეგმის საპასუხოდ, რომელიც შემუშავდა და დამტკიცდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU4Culture“ ფარგლებში.
"EU4Culture" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტია, რომელიც მხარს უჭერს კულტურისა და შემოქმედებითი სფეროს გაძლიერებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში. პროექტი ხორციელდება გოეთეს ინსტიტუტის (წამყვანი პარტნიორი), საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის, დანიის კულტურის ინსტიტუტის და ჩეხეთის ცენტრების მიერ.
ზუგდიდის შემოქმედებითი ინკუბატორი მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ადგილობრივ ახალგაზრდებს კულტურის, ციფრული ხელოვნებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების როლისა და შესაძლებლობების ახლებურ გააზრებასა და რეალურ პრაქტიკაში გამოყენებას, ამასთან სტუდენტებსა და ახალგაზრდებში განავითაროს მეწარმეობის და ლიდერობის უნარები, ინოვაციური იდეები და პროექტები წაახალისოს პრაქტიკული ცოდნისა და უნარ-ჩვევების მიღებისა და ციფრული პლატფორმების გამოყენების გზით.
უნივერსიტეტში დაფუძნებული შემოქმედებითი ინკუბატორის ბაზაზე შეიქმნა სტუდენტთა ინოვაციური მხარდაჭერის ფონდი და საგრანტო პროგრამა.
საგრანტო პროგრამის ფარგლებში 2023-2024 წელს 2-ჯერ გამოცხადდა კონკურსი სტუდენტური ინოვაციების ხელშეწყობის მიზნით. კონკურსის მიზანი იყო სტუდენტური/ახალგაზრდული პროექტების გამოვლენა, რომლებიც ინოვაციური და კრეატიული მიდგომებით, ადგილობრივი საჭიროებების, გამოწვევებისა და პრობლემების მოგვარებაზე იქნებოდა ორიენტირებული. ერთი-ერთი გამარჯვებული იდეა - ,,ერთი დღე კოლხეთში“(სამოსი და სუფრის კულტურა, ჩვ.წ-აღ-მდე I საუკუნის კოლხეთში) - უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების ერთობლივი ჩართულობით განხორციელდა ინტერდისციპლინური კვლევა, კვლევის შედეგების საფუძველზე შეიქმნა ფილმი.